პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რამდენიმე ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც ირანისთვის იარაღის შესყიდვის ქსელების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ოპერაცია "ეკონომიკურად გარიყულს" - აშშ-ის ეკონომიკური ზეწოლის კამპანიას თეირანის წინააღმდეგ, რომელსაც ტრამპმა "ეკონომიკური D-დღე" უწოდა.
"გასული წლის განმავლობაში, ირანი აგრძელებდა იარაღისა და მასთან დაკავშირებული მასალების შესყიდვის მცდელობებს და აფართოებდა თავის დესტაბილიზაციის გამომწვევ საქმიანობას, რითაც არღვევდა გაეროს აღდგენილ ზომებს. დღევანდელი სანქციები მიმართულია როგორც ამ საქმიანობის, ისე მესამე ქვეყნებში არსებული ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ ირანის თავდაცვის ინდუსტრიისა და იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებული საქმიანობის განვითარებას", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა.
პიგოტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 15 მილიონ დოლარამდე ოდენობის ჯილდოს გასცემს იმ ინფორმაციისთვის, რომელიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) და მისი განყოფილებების ფინანსური მექანიზმების მოშლას გამოიწვევს.
