აღმოსავლეთ ავღანეთში მომხდარი 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რამდენიმე სოფელი განადგურდა. მიწისძვრამ სულ მცირე 812 ადამიანი იმსხვერპლა და ასეულობით დაშავდა. ინფორმაციას abcnes-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრა კვირას, შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, პაკისტანის საზღვართან ახლოს მოხდა, ეპიცენტრი კი ჯალალაბადიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 27 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.
მთავრობის წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულთა თითქმის ყველა შემთხვევა კუნარის პროვინციაში დაფიქსირდა, სადაც 800 ადამიანი დაიღუპა და 2500 დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მუფტი აბდულ მატინ კანის თქმით, ნანგარჰარის პროვინციაში კიდევ ათეული ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების თქმით, ამ პროვინციაში სულ მცირე 255 ადამიანი დაშავდა.
ABC News-თან სატელეფონო ინტერვიუში, ნანგარჰარის პროვინციაში თალიბანის მთავრობის წარმომადგენელმა, შაჰ მეჰმუდმა განაცხადა, რომ შორეულ სოფლებში, ნანგრევების ქვეშ მეტი ადამიანის აღმოჩენის რისკი არსებობს.
