ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სპარსეთის ყურისა და მიმდებარე ტერიტორიების წყლების დაბინძურებისთვის, თეირანს კომპენსაცია სჭირდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ყველა მხარეს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით კომერციული გადაზიდვებით სარგებლობს, აქვს როგორც იურიდიული, ასევე მორალური ვალდებულება, აღმოფხვრას სპარსეთის ყურისა და ომანის ზღვისთვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანი", - წერს ბაღაი სოციალურ ქსელში.

როგორც CNN-ი იტყობინება, ოთხშაბათს, ჰორმუზის სრუტის მახლობლად, კეშმის კუნძულის მიმდებარე სანაპიროზე, რომელიც ირანს ეკუთვნის, ნავთობის სქელი ლაქა წარმოიქმნა.

"ეს ინციდენტი მხოლოდ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმ მასშტაბური დაბინძურებისა, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში დააზიანა სპარსეთის ყურისა და ომანის ზღვის წყლები, ასევე რეგიონის საზღვაო ეკოსისტემა და ირანის სანაპირო ზონებს ტრილიონობით დოლარის ზიანი მიაყენა", - განაცხადა ბაღაიმ.

განცხადებაში, ბაღაი პასუხს ითხოვს იმაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

"ვინ არის პასუხისმგებელი ამ ზიანის ანაზღაურებაზე? ქვეყნები, რომლებიც მოიხმარენ ჩვენი რეგიონიდან ექსპორტირებულ იაფ ენერგიას, სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც აზღვევენ გადაზიდვებს, თუ აგრესორები და მათი პარტნიორები, რომლებმაც სპარსეთის ყურე და ომანის ზღვა სამხედრო ოპერაციებისა და გამანადგურებელი იარაღის ტესტირების თეატრად აქციეს?" - დასძინა მან.