უკრაინის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და აშშ-ში ყოფილმა ელჩმა ოლგა სტეფანიშინამ უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ შეფარდებული 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს ცნობით, სტეფანიშინას გირაოს გადახდის ბოლო ვადა 11 აგვისტოს საღამომდე ჰქონდა, თუმცა განსაზღვრულ დროში თანხა არ ჩარიცხულა. ნაცვლად ამისა, სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი მიიღო.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

სტეფანიშინას 6 მილიონი გრივნის ოდენობით გირაო 6 აგვისტოს შეეფარდა. თავად პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მსგავსი ფინანსური სახსრები არ გააჩნია.

ოლგა სტეფანიშინას უკანონო გამდიდრებასა და ქონებრივ დეკლარაციაში ცრუ მონაცემების შეტანას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, მან დეკლარაციაში არ შეიტანა ორი ბინა კიევში, მათი რემონტისა და ქირის ხარჯები, "მერსედესის" მარკის ავტომობილის გამოყენება, ასევე, დედის ავიაბილეთებისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯები.