ტაილანდი იარაღის შეძენის ახალი ნებართვების გაცემას აჩერებს და ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლს ამკაცრებს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ კვირას, ერთ-ერთ სკოლაში, 14 წლის ბიჭმა ცეცხლი გახსნა და რვა ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა ბრძანება გამოსცა, რომლითაც მთავრობის წარმომადგენლებს დაევალათ "სასწრაფოდ გაამკაცრონ ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის კონტროლი მთელ სისტემაში".
ზომები მოიცავს იარაღის შეძენის ნებართვების დროებით შეჩერებას, დამტკიცების მოლოდინში მყოფი ყველა ნებართვის გადახედვას და იარაღის შეძენის საშეღავათო პროგრამების შეჩერებას, რომლებიც უფლებამოსილ სამთავრობო თანამშრომლებს, მათ შორის, თანამდებობის პირებსა და პოლიტიკოსებს, საშუალებას აძლევს იარაღი ფასდაკლებით შეიძინონ.
გაცემულ დირექტივაში ასევე ნათქვამია, რომ სამთავრობო უწყებები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმებენ იარაღის დილერებს და გადაამოწმებენ გაყიდვების მონაცემებს; შეამოწმებენ საბრძოლო მასალას სასროლეთებზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ის აკმაყოფილებს მარეგულირებელ მოთხოვნებს; ასევე, გამკაცრდება ბრძოლა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ, კანონდამრღვევების მიმართ მკაცრი რეაგირება იქნება და სასამართლოებისგან მათ წინააღმდეგ მაქსიმალურ სასჯელებს მოითხოვენ.
