აგვისტოს ომის თემაზე სააკაშვილი კითხვებს პასუხს არ სცემს, სამაგიეროდ ოპოზიციას ისევ აკრიტიკებს.
ექსპრეზიდენტი ოპოზიციის უმოქმედობით უკმაყოფილოა, ამტკიცებს, რომ მათ ნაწილს ციხეში მოხვედრის ეშინია, ნაწილი გაყიდულია, სხვები კი უცხოეთში ისვენებენ.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, ოპოზიციას მეტი აქტიურობა სჭირდება პოლიტიკურ ველზე და საჭიროა ის სუბიექტები, რომლებიც საჯარო სივრცეში აღარ ჩანან არ დაიმალონ და კვლავ გამოჩნდნენ.
"არ შეიძლება არ იყოს ოპოზიციის მხრიდან ისეთი ტიპის აქტიურობა, რომელიც სჭირდება ამ პროცესს. ყველას ეხება, მათ შორის, შეიძლება ჩვენზეც იყოს საუბარი. მეტი აქტიურობა და ამაზე მუშაობა გვმართებს.
ჩვენ ვაქტიურობთ, აქ ლაპარაკია იმ ოპოზიციურ სუბიექტებზე, რომლებიც ფაქტობრივად აღარ არიან ოპოზიციურ ველზე. სად გაქრა ეს ხალხი? სად წავიდა? ეს ქვეყანა ყველასია და უნდა ვიბრძოლოთ ყველამ. არ შეიძლება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იყოს ამ ბრძოლის ხაზზე. კარგი იქნება, ის ადამიანები, რომლებიც 2024 წელს წინა ხაზზე იყვნენ არ დაიმალონ და გამოვიდნენ საჯარო სივრცეში", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
