სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "დრუჟბის" მილსადენის გამო, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის ნდობა მნიშვნელოვნად დაზარალდა.

რობერტ ფიცოს თქმით, იმის მიუხედავად, რომ, უკრაინული მხარის მტკიცებით, მილსადენი აღდგენილია და უკვე შესაძლებელია მისი ხელახლა გამოყენება, არ გამორიცხავს, ევროკავშირიდან სესხის მიღების შემდეგ, კიევმა ნავთობსადენი კვლავ შეაჩეროს.

"ამ ვითარებაში, არ გამიკვირდება, თუ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გაიცემა და შემდეგ, მალევე, ნავთობის მიწოდება კვლავ შეჩერდება – "დრუჟბის" მილსადენი საერთოდ თუ გაიხსნება. ყველამ, ვინც ოდნავ მაინც იცნობს ენერგეტიკულ საკითხებს, იცის, რომ "დრუჟბას" მილსადენის გავლით ნავთობის მიწოდება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია იმ რეგიონისთვის, სადაც სლოვაკეთის რესპუბლიკა მდებარეობს", – განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, არ ეთანხმება უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფას, რადგან ეს თანხა ომის გაგრძელებას ხმარდება.

"სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა არ დათანხმდა ამ სესხს და ჩვენ არ ვმონაწილეობთ მასში. უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მსგავსად, ვფიქრობთ, რომ ეს საომარი სესხია, რადგან 90 მილიარდიდან 60 მილიარდი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო 30 – უკრაინის საჭიროებებისთვის", – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

უნგრული ნავთობკომპანიის, Mol-ის ინფორმაციით, უკრაინამ "დრუჟბის" ნავთობსადენი აღადგინა. MOl-ი ვარაუდობს, რომ ნედლი ნავთობის პირველი მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში არაუგვიანეს ხვალიდან განახლდება.