უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომმა ყურადღება გადაიტანა რუსეთის აგრესიისგან მისი ქვეყნის წინააღმდეგ.

CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რისკია იმაზე ფიქრი, თითქოს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების მცდელობები მანამდე ვერ განახლდება, სანამ ირანის კონფლიქტი არ დასრულდება.

მედიასთან საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად აშშ-სთან მიმდინარე ტექნიკური მოლაპარაკებებისა, ის ვერ ხედავს შეხვედრის შესაძლებლობას მანამ, სანამ ირანის საკითხი არ დაიხურება.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აშშ-ის მომლაპარაკებელთა ერთი და იგივე გუნდი - სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით ხელმძღვანელობს მოლაპარაკებებს როგორც ირანის, ისე უკრაინის ომებთან დაკავშირებით.

ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ესმის აშშ-ის ამჟამინდელი ფოკუსირება ირანთან ომზე, მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყონ უკრაინა.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია იმის თქმა, თითქოს "უკრაინაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ... უკრაინა არ არის 'ცოტა მოგვიანებით'. უკრაინა უკვე იმყოფება უდიდესი ტრაგედიის წინაშე და ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ეს პროცესები პარალელურ რეჟიმში ვმართოთ".

ზელენსკიმ CNN-თან ასევე განაცხადა, რომ ომის გამო შეფერხდა უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იარაღის მიწოდება - განსაკუთრებით ანტიბალისტიკური რაკეტების, რომლებსაც, მისი თქმით, უკრაინა საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს აშშ-ში არსებული შეზღუდული წარმოების სიმძლავრეების გამო.