ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, ისრაელსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შეჩერების მიზნით, მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს, - იუწყება Reuters-ი.

მედიის ცნობით, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევოსმა, ლიბანში ისრაელის ქმედებებს "სრულიად მიუღებელი" უწოდა. პრევოსმა ასევე განაცხადა, რომ ბელგია მოუწოდებს ევროკავშირს ისრაელთან ასოცირების შეთანხმება, მინიმუმ ნაწილობრივ მაინც შეჩერდეს.

ევროკავშირსა და ისრაელს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, რომელიც 2000 წელს შევიდა ძალაში, ევროკავშირი და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ მათი ურთიერთობები "ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული".

პრევოსმა დასძინა, რომ ბელგია "აღიარებს, რომ წევრობის სრული შეჩერება, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პოზიციების გათვალისწინებით, სავარაუდოდ შეუძლებელია".

მედიის ცნობით, გერმანია, უნგრეთი და ჩეხეთი ადრე შეთანხმების შეჩერების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ სამშაბათს ევროკავშირს შეთანხმების შეჩერების საკითხის განხილვა ესპანეთმა, სლოვენიამ და ირლანდიამ სთხოვეს.

ცნობისთვის, ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა გასული წლის მაისში განაცხადა, რომ ბლოკი შეისწავლიდა, იცავდა თუ არა ისრაელი შეთანხმებას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტმა საკითხის შესწავლას დაუჭირა მხარი.