გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ აპირებს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას. საკითხზე ფრიდრიხ მერცმა ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა. მერცი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნამდე რუსეთთან საკითხზე გრძელვადიანი შეთანხმება უნდა შედგეს.

"ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე კვლავ არ დგას დღის წესრიგში და ეს აშკარად იმიტომ, რომ რუსეთს ეს არ სურს. ამიტომ, იძულებული ვიქნებით, ამ ომის ფასი კიდევ უფრო გავზარდოთ. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ომის გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს. ამ პროცესში მე ვეყრდნობი ევროპელთა სოლიდარობას, მაგრამ, ასევე, ველოდები ამერიკის მთავრობისა და ამერიკის პრეზიდენტის სოლიდარობასა და მხარდაჭერას. აქ არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, არც ევროკავშირის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ რომელიც ფიქრობს, რომ ახლა უკრაინაში უნდა შევიდეთ და მიმდინარე კონფლიქტში ჩავერიოთ. თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, მაშინ პირველივე ამოცანაა ამ ზავის დაცვა ძლიერი უკრაინული არმიით," - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.