ისრაელის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელში მიმავალი Fly dubai-ს რეისის ინციდენტი, რომელიც განგაშის სიგნალის გაცემის შემდეგ საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა, შესაძლოა, ერთ-ერთი პილოტის მიერ ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო, - ამის შესახებ Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, ორმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მეორე პილოტმა კაპიტანს დანა დაარტყა, რის შემდეგაც ბორტგამცილებლები კაბინაში შევიდნენ და თვითმფრინავზე კონტროლი აიღეს.
მანამდე ერთ-ერთმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები მას შემდეგ გაუშვა, რაც პილოტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაახლოებით იმ დროს, როდესაც თვითმფრინავი საუდის არაბეთში დაეშვა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელმა დორონ სპილმანმა Reuters განუცხადა, რომ არსებული ვითარება არ მიუთითებს თვითმფრინავის გატაცებაზე და ვითარება შეაფასა, როგორც "სხვა ხასიათის ინციდენტი".
გამოცემის ინფორმაციით, მან მაშინვე არ უპასუხა შემდგომ კითხვას იმის შესახებ, განიხილავდა თუ არა ისრაელი ინციდენტს, როგორც ტერორისტულ თავდასხმას.
ორმა ოფიციალურმა პირმა, რომლებმაც ჟურნალისტებს ინფორმაცია ანონიმურობის პირობით მიაწოდეს, განაცხადეს, რომ ისრაელის ამჟამინდელი შეფასებით, ეს ინციდენტი იყო "ტერორისტული თავდასხმის მცდელობა" და არ იყო დაკავშირებული არც ერთი პილოტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რაიმე პრობლემასთან.
