Red Bull-ის იტალიელმა პილოტმა, დარიო კოსტამ მსოფლიოში პირველად, მოძრავ მატარებელზე მცირე ზომის თვითმფრინავი Zivko Edge 540 დასვა და შემდეგ ისევ აფრინდა.

აღნიშნულ ექსტრემალურ ქმედებას Red Bull-მა "მსოფლიოში პირველი საავიაციო მანევრი“ უწოდა. ექსტრემალური ტრიუკი მფრინავმა თურქეთში, აფიონკარაჰისარში შეასრულა. მან დაახლოებით 120 კილომეტრი საათი სიჩქარით მოძრავი მატარებლის ბოლო ვაგონზე, თვითმფრინავი ბრმად, მხოლოდ კოგნიტიური შესაძლებლობებსა და პილოტირების უნარებზე დაყრდნობით დასვა.

"მატარებელზე დაშვების პროექტი ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროექტი იყო“, - თქვა კოსტამ.

Red Bull-ის ინფორმაციით, თურქეთში განხორციელებული ეს ფრენა თვეების განმავლობაში წარმოებულ ინჟინერიულ ანალიზს, სიმულაციებს, ფრენის მომზადებას და უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვას მოითხოვდა. თავად პილოტმა კი, ავსტრიაში მდებარე Red Bull-ის სპორტსმენთა ეფექტურობის ამაღლების ცენტრში, კოგნიტური ტრენინგი გაიარა.