Associated Press-თან ინტერვიუში, ზალუჟნიმ ზელენსკისთან კონფლიქტზე ისაუბრა. მან კონტრშეტევის წარუმატებლობაში უკრაინის პრეზიდენტი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჩხრეკის ჩატარებით, მის დაშინებას ცდილობდა.
უკრაინის ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, Associated Press-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან არსებული უთანხმოება განიხილა.
ზალუჟნის თქმით, მასსა და ზელენსკის შორის პირველი უთანხმოება რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე წარმოიშვა. ყოფილი მთავარსარდლის განმარტებით, ამ დავებმა კრიტიკულ წერტილს 2022 წლის შემოდგომაზე მიაღწიეს, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ათობით აგენტმა ზალუჟნის ოფისში რეიდი ჩაატარა.
ზალუჟნის განცხადებით, ეს 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მოხდა, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით კონტრშეტევას ახორციელებდნენ. მისი თქმით, ბრიტანელი ოფიცრების იქ ყოფნის დროს, კიევში მის ოფისს SBU-ს ათობით აგენტი ეწვია. SBU-ს აგენტებმა არ აუხსნეს, თუ რას ეძებდნენ, მაგრამ ზალუჟნი აცხადებს, რომ მან არ მისცა მისი დოკუმენტებისა და კომპიუტერების შემოწმების უფლება. ყოფილი მთავარსარდლის თქმით, ჩხრეკა დაშინების აქტი იყო.
როგორც ზალუჯნიმ აღწერა, SBU-ს ოფიცრების თანდასწრებით, მან ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი იერმაკს დაურეკა და უთხრა, რომ "ამ თავდასხმას მოიგერიებდა, რადგან მან იცის, როგორ იბრძოლოს". ზალუჟნიმ ასევე განაცხადა, რომ მზად იყო სამხედროების ჩართვისთვის.
როგორც Associated Press-ი წერს, ზელენსკის ოფისმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. მედიის განმარტებით, მათ არ შეეძლოთ, დამოუკიდებლად დაედასტურებინათ ზალუჟნის მიერ ჩხრეკის შესახებ გაკეთებული განცხადება.
AP-სთან ინტერვიუში, ზალუჟნიმ ასევე განაცხადა, რომ მის მიერ ნატოელ პარტნიორებთან ერთად შემუშავებული კონტრშეტევის გეგმა, რომელიც 2023 წლის ზაფხულში უნდა განხორციელებულიყო, ზელენსკისა და სხვა ოფიციალურმა პირების გამო ჩაიშალა. ზალუჟნის განმარტებით, გეგმა იმიტომ ჩაიშალა, რომ ზელენსკიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა საჭირო რესურსები არ გამოყვეს.
