სამი ადამიანი ემსხვერპლა სროლას სან-დიეგოს ისლამურ ცენტრში, სადაც მეჩეთი და სკოლა მდებარეობს. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მეჩეთის მახლობლად, პოლიციამ ავტომობილში იპოვა ორი სავარაუდო თავდამსხმელის, 17 და 18 წლის ბიჭების ცხედრები. წინასწარი ვერსიით, მათ თავი მოიკლეს.
მანქანაშივე ნაპოვნია სიკვდილის წინ დატოვებული წერილი, რომელიც რასობრივი სიამაყის გრძნობებს ეხება.
სან-დიეგოს პოლიცია ისლამურ ცენტრზე შეიარაღებულ თავდასხმას სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად განიხილავს. დონალდ ტრამპმა ტრაგედიას "საშინელი სიტუაცია" უწოდა.
