ვენეციაში, ახალგაზრდა ქალმა სატვირთო ნავი გაიტაცა და რიალტოს ხიდის ქვეშ მოაჯირს შეეჯახა, რის შედეგადაც მარმარილოს ბალუსტრადა დააზიანა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალმა შეჯახების შემდეგ ნავიდან გადასვლა და მიმალვა შეძლო, თუმცა ის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მალევე დააკავეს. ინციდენტის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მედიის ცნობით, ქალმა ნავი მაშინ მოიპარა, როდესაც ის "გრანდ კანალის" მოპირდაპირე მხარეს, რივა დელ პალაცო დეი კამერლენგის ქვეშ, რიალტოში იყო გაჩერებული, სადაც აუდიტის ოფისი მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, ნავი დროებით უყურადღებოდ იყო, რადგან სატვირთო კომპანიის თანამშრომლებს ტვირთი გადაჰქონდათ.

შეჯახების შედეგად, ნავიც დაზიანდა, თუმცა ის არ ჩაძირულა და შესაბამისმა სამსახურებმა ის შემთხვევის ადგილიდან მალევე გაიყვანეს.