უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებითად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიყიდვა. ეს რაკეტები რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად არის შექმნილი.
თუმცა, ზელენსკის განცხადებით, მიწოდებას, შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს და ამერიკულ მხარეს მოუწოდა, რაკეტების მიწოდების პროცესი დააჩქაროს.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - დაამტკიცა უკრაინის მიერ Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენა რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. 500 PAC-3 ტიპის რაკეტა საკმაოდ დიდი რაოდენობაა და ძალიან მალე, უკვე ამ ზამთარს, მათ შეუძლიათ, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ძალიან ეფექტიანი შესაძლებლობა შექმნან.
თუმცა დადგენილია, რომ მათი მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ, იპოვონ გამოსავალი იმ პერიოდისთვის, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე და PAC-3-ის რაკეტების გამოყენების რეალური საჭიროება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ზამთრის მოახლოების წინ, რუსეთმა ფართომასშტაბიანი დარტყმების კამპანია წამოიწყო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის გამართული მუშაობაც უკრაინის ქალაქებისა და ადგილობრივი თემების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
სამიზნე გახდა ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების ობიექტები, ასევე ხიდები.
მისი თქმით, მხოლოდ ოქტომბრის ბოლო ორ კვირაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ელექტროენერგეტიკული ქსელის მნიშვნელოვან ობიექტებზე 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს.
