საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 31 ოქტომბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა - სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაკავებულთა რაოდენობამ 511 შეადგინა.

მარსელში ფეხსაცმლის მაღაზიის გაძარცვის მცდელობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს.

ბუშ-დიუ-რონის პრეფექტურის პოლიციის განცხადებით, ისინი დანაშაულის ჩადენის პროცესში დააკავეს, როდესაც ქალაქში მდებარე Foot Locker-ის მაღაზიის საწყობებში შეღწევას ცდილობდნენ.

ბოლო კვირებში საფრანგეთში გამართული წინა მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს მაღაზიების ძარცვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. ქვეყნის მასშტაბით ასობით მაღაზია გახდა თავდასხმისა და დაზიანების სამიზნე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს სულ 1 314 ადამიანი დააკავეს, ხოლო 17 ოქტომბერს ჩატარებული დემონსტრაციების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 2 628 შეადგინა.