"სახელმწიფო გადატრიალების" ბრალდებები და ტრიბუნალის შენობასთან მობილიზებული პოლიციის კორდონები - პოლონეთში პოლიტიკური და საკონსტიტუციო კრიზისი ისევ მწვავე ფაზაშია. საკონსტიტუციო სასამართლოსთან სპეცრაზმის გამოყვანა საპროტესტო აქციების გამო მოხდა, რომელიც დაკავებებით დასრულდა. ეს პროცესი კი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ღია დაპირისპირებას მოჰყვა, რომლის მთავარი მიზეზი სასამართლო სისტემა და მისი კონტროლისთვის მრავალწლიანი ბრძოლაა.

დონალდ ტუსკის კოალიციური მთავრობა, მართლმსაჯულების სისტემიდან წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრების გაშვებას ცდილობს.

ოპოზიცია და პრეზიდენტი კი აცხადებენ, რომ მოქმედი მთავრობა კანონს არღვევს, სასამართლო ხელისუფლებას ძალისმიერი მეთოდებით იტაცებს და ქვეყანა სამართლებრივ ქაოსში შეჰყავს.

ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, ისინი პოლონეთის ღირსების დასაცავად გამოვიდნენ, რადგან პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული მოპყრობა ევროპულ სივრცეში უპრეცედენტო და სირცხვილია.

"ჩვენ აქ პოლონეთის ღირსების დასაცავად მოვედით, რადგან გუშინ მომხდარი ყველასთვის სირცხვილია. ის მოპყრობა, რაც ჩვენი პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა, სავარაუდოდ, სხვა არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ მომხდარა. ეს არის მომენტი, როდესაც ყველამ უნდა თქვას "საკმარისია" და მშვიდობის სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

კიდევ ერთი მოქალაქის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები რეალურად სახელმწიფო გადატრიალებას წარმოადგენს.

"რა ხდება პოლონეთში? ეს, უბრალოდ, სახელმწიფო გადატრიალებაა. სამთავრობო ინსტიტუტებსა და სახელმწიფო ორგანოებს ერთმანეთის მიყოლებით იკავებენ ის პირები, რომლებიც ჩვენი ერის საზიანოდ მოქმედებენ," - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.