გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტის ცენტრში არეულობის მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა როგორც ფრანკფურტში, ისე გერმანიის სხვა ქალაქებში. მანამდე, ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, - წერს BBC.
ფრანკფურტის გარდა, რომელიც გერმანიის ფინანსური ცენტრია, ძალადობრივი ინციდენტები დაფიქსირდა ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგშიც. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს ფოიერვერკებს, ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ.
როგორც მედია წერს, გერმანიის ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაციები ორგანიზებული იყო ახალგაზრდული ორგანიზაცია Gen Z regelt-ის მიერ. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სკოლების არასაკმარის დაფინანსებას, ცხოვრების მაღალ ფასს, სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურს.
მედიის ცნობით, ფრანკფურტის მთავარი სავაჭრო ქუჩის დიდი ნაწილი პოლიციამ გადაკეტა. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქში არაერთი ადამიანი დააკავეს.
ფრანკფურტის, მიუნხენისა და ბერლინის ხელისუფლებების ინფორმაციით, აქციებში 18 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა - დაახლოებით ნახევარი იმ რაოდენობისა, რასაც ორგანიზატორები საკუთარ ვებგვერდზე ვარაუდობდნენ.
Gen Z regelt-ის წარმომადგენელმა, ლინა ფრიდრიხმა განაცხადა, რომ დემონსტრაციების მიზანი იყო "მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა და არა ომისა და იძულების მხარდაჭერა".
