4 ოქტომბრის მოვლენებზე ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ხელისუფლების დამხობის ჩავარდნილი სცენარის შემდეგ, მათი ნაწილი ღალატზე და გეგმის არევაზე საუბრობს და პროცესებისგან გამიჯვნას ცდილობს.

ისმის ურთიერთბრალდებებიც. მათი განცხადებით, ორგანიზატორები ვალდებულები არიან თქვან, რა იგეგმებოდა 4 ოქტომბერს და რა მოხდა შემდეგ.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავის მომავალი საბრალდებო დასკვნა თავის ხელით დაწერეს.

"ამ ადამიანებმა თავის მომავალი საბრალდებო დასკვნა დაწერეს თავის ხელით. თვითონვე შექმნეს აჯანყების საბჭო, ის ხუთი კაცი რომ შევიდა, თქვეს, რომ ეს ამბოხების საბჭოა და დააანონსეს, სურათიც კი გადაიღეს - ჩვენ ვართ ამის ორგანიზატორებიო.

ყველაფერი გამზადებული იყო, თუ ეს აჯანყება გაიმარჯვებდა, თავი უნდა წარმოეჩინათ, რომ ისინი იყვნენ მთავარი ორგანიზატორები. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ბენეფისებს მოითხოვდნენ ამ რევოლუციისგან. ახლა ყველა დაიმალა. აი, მათი მორალი მანდ არის", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.