4 ოქტომბრის მოვლენებზე ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ხელისუფლების დამხობის ჩავარდნილი სცენარის შემდეგ, მათი ნაწილი ღალატზე და გეგმის არევაზე საუბრობს და პროცესებისგან გამიჯვნას ცდილობს.

ისმის ურთიერთბრალდებებიც. მათი განცხადებით, ორგანიზატორები ვალდებულები არიან თქვან, რა იგეგმებოდა 4 ოქტომბერს და რა მოხდა შემდეგ.

პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს კოლეგებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.

"საბოლოო ჯამში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამაინზეა, ვინც ამას მხარს უჭერდა, ვინც ცრუ იმედებს აჩენდა, მოუწოდებდა გასვლისკენ, ვითომ დეკლარაციის წაკითხვით რაღაც რევოლუცია შეიძლება მოხდეს და ხელისუფლება  გაიქცევა.

საბოლოო ჯამში, ამან კიდევ უფრო გააღვივა ნიჰილიზმი ოპოზიციურ  სპექტრზე, კიდევ უფრო დაასუსტა ჯამურად ოპოზიცია. "ლელო" იქნება, რომელიც მოუწოდებდა არჩევნების შემდეგ მიტინგზე წასვლისკენ, თუ "ნაცმოძრაობის" ლიდერები, ყველამ თავის პოლიტიკური წილი უნდა აგოს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.