ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსშიც. ახალი რედაქციის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ ნიღბით სახის დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ინიციირებულ ცვლილებებს გამოხატვის თავისუფლების დარღვევად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

"ქართულ ოცნებაში" კი მესამე სექტორის განცხადებას სიცრუეს უწოდებენ. მათივე შეფასებით გარე ძალების მიერ დაფინანსებული ენჯეოები რუსთაველის გამზირზე იმ მცირე ჯგუფების წახალისებას ცდილობენ, რომლებიც ყოველდღე ქალაქის მთავარ გამზირს კეტავენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებებზე საუბრობს.

წითლიძის თქმით, ცვლილებები ხალხს ვერ შეაშინებს.

"სამოქალაქო აქტივისტებს და საერთოდ ნებისმიერ რიგით ადამიანს კიდევ უფრო მეტად ზღუდავენ, რომ გამოხატონ პროტესტი. ეს ცვლილებებია სისხლის სამართლის კოდექსში, ეს შეზღუდვები ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ არავის ჰქონდეს შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი აზრი.

ამ ადამიანებს მე დარწმუნებული ვარ ვერ შეაშინებთ სისხლის სამართლის კოდექსით,"- აცხადებს ანა წითლიძე.