გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მმართველ გუნდში თვითდაპატიმრების რეჟიმზე საუბრობენ და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებმაც კანონი შეგნებულად დაარღვიეს და საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ, გარე ძალების დავალებით მოქმედებდნენ.
"ეს კანონი, რომ არგამოცხადება დასჯადია სისხლის სამართლის წესით, ჩვენს ხელისუფლებას რომ მიეღო, მაშინ ჯერ კიდევ იქნებოდა რაღაც საკითხები, რომ აგერ, წინასწარ გაამზადეს ეს პლატფორმა და მერე ხელოვნურად შექმნეს ის სიტუაციები, რომ ისინი არ მოსულიყვნენ, მერე კი ადგნენ და დააპატიმრეს ეს ხალხი. ეს დანაწესი სისხლის სამართლის კოდექსში არის 17-18 წელია, შეიძლება მეტიც. ამ რეგულაციას ჩვენს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი და გამოიწვია კიდევაც. თქვენ თუ გახსოვთ, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა, მოვუწოდებდით, რომ ეს ძალიან ცუდად დამთავრდება, კანონი იმოქმედებს და ვთხოვდით კიდეც, რომ მოსულიყვნენ და თავიანთი არგუმენტები წარმოედგინათ. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა და მოვიდა კიდევაც. რაც იქ ილაპარაკა გახარიამ, მაინც და მაინც ჩემთვის მოსაწონი არ იყო, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგა და ამ დაპატიმრების რეჟიმს არ მიჰყვა. რატომ უბრძანეს მათმა პატრონებმა, რაში სჭირდებოდათ მათი ციხეში ყოფნა ან თვითონ რაში სჭირდებოდათ ციხეში წასვლა, რატომ ეგონათ, რომ ქართველი ხალხი აღშფოთდებოდა მათი დაპატიმრებით, არ ვიცი, საიდან გაუჩნდათ ასეთი ილუზია, მაგრამ ეს შეცდომა მათ დაუშვეს", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
