ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ ჯო უილსონის საქმე არ არის, საქართველო რა ნაბიჯებს გადადგამს.
მახაშვილის განცხადებით, ამ პრეტენზიების მიღმა პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური დღის წესრიგია.
"არავის საქმე არ არის, მით უმეტეს, ვიღაც ჯო უილსონის, საქართველო რა ნაბიჯებს გადადგამს და ვისთან ითანამშრომლებს. საქართველოს ხელისუფლება და ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რაც მის ინტერესებშია დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რათა შეინარჩუნოს სიმშვიდე, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური სიძლიერის დაგროვებაზე. ეს ჩვენი მთავარი ინტერესია. ამას ვინც შეეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, ტერიტორიული მთლიანობის და ეკონომიკური სიძლიერის მიზნებს ეწინააღმდეგება. აქამდეც იყო და მომავალშიც მოლოდინი გვაქვს, ბევრი შეეწინააღმდეგება სწორედ იმას, რომ ქვეყანა გაძლიერდეს შიგნით თუ გარეთ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. პირნათლად შევასრულოთ ორი მთავარი ეროვნული ინტერესი, რასაც მოსახლეობას დავპირდით – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის გაძლიერება," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი.
