ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ შეფასებები ძირითადად ტენდენციურია.

"მოულოდნელი არაფერი თქმულა. ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ წარსულში ნახსენები პოლიტიკური ბრალდებები იქნებოდა ამ დოკუმენტში, მოვისმინეთ სამწუხაროდ, სწორედ ეს. ნამდვილად სამწუხაროა, რომ გაფართოების პოლიტიკა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან მიდგომას, ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ უსამართლობას.

ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ევროკავშირის გაფართოების პროცესი გავიაროთ სამართლიანი, ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე და არა იმ ურთიერთბრალდებების ნიადაგზე, რაც ჩვენ გვესმის ხოლმე ბრიუსელის მხრიდან.

პირველი, ალბათ რითაც უნდა დაეწყოთ კომისიის წარმომადგენლებს, იყო დაგმობა იმ ძალადობის, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს, რომლის უკანაც ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთი ხაზი მიდიოდა ბრიუსელამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ალბათ ყველაზე სამართლიანი, ყველაზე ობიექტური და ყველაზე გულწრფელი ამ პროცესში იქნებოდა ის, რომ ეს პრესკონფერენცია დაწყებულიყო სწორედ 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობით," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. პაკეტი ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს წარუდგინა. ანგარიში შეფასებულია კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებში გატარებული რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები. ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და დაბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. გაფართოების ანგარიშის გაცნობის შემდეგ ევროპარლამენტში ამ თემაზე გაიმართა დებატებიც.