"სარჩელი უკვე მზად არის და მიმდინარეობს მისი საბოლოო დამუშავება, ვინაიდან ეს კომპლექსური სარჩელია და ვცდილობთ, იყოს დასაბუთებული და შესაბამისი სტანდარტის. დემოკრატიის მტრებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ დემოკრატიის წინააღმდეგ - ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მთავარი არსი," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არსებობს მექანიზმი, რომ კონსტიტუციის დამრღვევ პარტიებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ პოლიტიკური პროცესის მონაწილენი.

"ამიტომაც ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არსებობს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, არ იყვნენ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის მონაწილეები.

ჩვენ გვაქვს ბევრი "ოფცია" და ყველა ხარვეზი, რომელიც აქამდე არსებობდა ჩვენს კანონმდებლობაში, უკვე გასწორებულია. იცით, რომ არსებობს ოფციები როგორც პარტიებთან, ასევე დაკავშირებულ პირებთან და მემკვიდრე პარტიებთან დაკავშირებით.

ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ დემოკრატიის მტრებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ პროცესში. რომელი ოფციაც და რა ფორმით მიაღწევს ამ შედეგს უფრო ეფექტურად, ზუსტად ისე მოვიქცევით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

"ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირას შევა. "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირეების კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს. ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება ქართულ პოლიტიკაში - გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.