საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მხარდაჭერის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კირცხალია აბსურდად აფასებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რამდენადაც აქამდე თუ ვერ მოახდინა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ გავლენა სხვა ქვეყნების შემთხვევაში რა შედეგი უნდა გამოიღოს ამ ყოველივემ.

“აბსურდულობის კიდევ ერთი ნიშანი ის არის, რომ, მაგალითად, თუკი ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზოდ მიმოსვლის ერთხელ უკვე შეჩერებამ ვერ იქონია გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები რატომ ფიქრობენ, რომ, მეორედ ამის გაკეთება ან, მაგალითად, დანიაში იგივე მექანიზმის ამოქმედება გარდამტეხი იქნება?

შესაძლოა, ასე არც ფიქრობენ, თუმცა, სვლები რომლის გაკეთებაც მათ შეუძლიათ მინიმალური რაოდენობის და თან ერთი მეორეზე აბსურდულია. გასულმა წლებმა გვიჩვენა, რომ „დიფ სთეითმა“, რომელმაც მთელი ევროპა უფსკრულის პირას მიიყვანა, საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერი მოუხერხა. იმაზე, რომ ევროპა ძალიან რთულ ღირებულებით კრიზისშია, უკონტროლო მიგრაციასა და თავსმოხვეულ აბსურდულ იდეოლოგიას ვერ უმკლავდება, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის შეფასებებიც კმარა. სწორედ დასუსტებული ევროპის და უსიტყვოდ მორჩილი ბიუროკრატების ხელით სურს „დიფ სთეითს“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება, თუმცა, გონივრული პოლიტიკის და სწორი მანევრირების პირობებში, ჩვენი ქვეყნის სახელისუფლებო გუნდს გასაღები ვერ მოუძებნა, საბოლოოდ კი ისეთი სულელური სვლების გაკეთების შესაძლებლობა დარჩათ, როგორიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზოდ მიმოსვლის შეჩერებაა,”- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიას განცხადებით, “”ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წარმატებულად „ითამაშა“, „დიფ სთეითის“ ყველანაირი ხრიკი წინასწარ გათვალა, პრევენციული ქმედებებიც განახორციელა და არსენალში მხოლოდ ისეთი სვლები დაუტოვა, რომლებიც ან უშედეგოა, ან მათივე ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. 

“შეგახსენებთ, რომ დიპლომატის რანგის მქონე ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამარტივებულად, უვიზოდ გადაადგილდებიან, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ წესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ „დიფ სთეითმა“ საერთაშორისო ხელშეკრულებები და ელემენტარული ლოგიკა არაფრად ჩააგდო, მხოლოდ იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეღო გადაწყვეტილება, რომლის გავლენაც „ქართულ ოცნებაზე“ ნულოვანია. - ამაზე სულელური და კომიკური რა უნდა იყოს?

ეს ყველაფერი კი ერთადერთ რამეზე მეტყველებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წარმატებულად „ითამაშა“, „დიფ სთეითის“ ყველანაირი ხრიკი წინასწარ გათვალა, პრევენციული ქმედებებიც განახორციელა და არსენალში მხოლოდ ისეთი სვლები დაუტოვა, რომლებიც ან უშედეგოა, ან მათივე ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ამიტომ, მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის თემით მანიპულირება გაგრძელდეს, ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ,”- ვკითხულობთ ირაკლი კირცხალიას განცხადებაში.