ევროპული კონვენციის პრინციპების დარღვევა და მორიგი ზეწოლა საქართველოზე, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპის საბჭოს მომხსენებლების მოწოდებას, საკონსტიტუციო სარჩელის უკან გაწვევასთან დაკავშირებით.

თბილისში აცხადებენ, რომ "სასამართლოსათვის მიმართვის უფლება" დემოკრატიის მთავარი პრინციპია და მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ამ უფლების გამოყენება კრიტიკის მიზეზი გამხდარიყო.

"ჩვენ ბევრი არგუმენტი მოგვისმენია ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ის, რომ გვაკრიტიკებენ იმაზე, საერთოდ რატომ მივმართეთ სასამართლოს, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, პოლიტიკურადაც კი ყოვლად წარმოუდგენელია. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური უფლება, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები, უკვე უამრავი წელია გადაიქცნენ რადიკალურ ჯგუფებად, რა თქმა უნდა, ჩვენი უფლებაა, რომ დავიცვათ დემოკრატია, დემოკრატიამ დაიცვას თავისი თავი და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ვიდავოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვა რა არჩევანია? მათ ქვეყნებში როგორ წყვეტენ ამ საკითხებს? პარტიებში უვარდებიან პოლიციური ძალებით და ასე შლიან პოლიტიკურ პარტიებს? რა თქმა უნდა, ერთადერთი, ცივილური, ევროპული გზა, ეს არის სამართლებრივი დავა და სწორედ ამ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენ. თუ რაიმე კრიტიკა აქვთ ჩვენს არგუმენტებთან დაკავშირებით, არგუმენტებზე ვიდავოთ, მაგრამ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ სამართლებრივი გამოსავალი ვიპოვოთ ამ გზიდან, ამის გაკრიტიკება არის ყოვლად წარმოუდგენელი, პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც", - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, თანამომხსენებლებმა ბერნდ ფორინგერმა და სტიუარტ დიკსონმა საქართველოს საკითხზე განცხადება გაავრცელეს.

ტექსტში წერია, რომ ისინი გმობენ გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.