ევროპული კონვენციის პრინციპების დარღვევა და მორიგი ზეწოლა საქართველოზე, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას, რომ გმობენ "ოცნების" გადაწყვეტილებას მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.

თბილისში აცხადებენ, რომ "სასამართლოსათვის მიმართვის უფლება" დემოკრატიის მთავარი პრინციპია და მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ამ უფლების გამოყენება კრიტიკის მიზეზი გამხდარიყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, წარმოუდგენელია, როდესაც დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ადამიანები კანონის ჩარჩოების გარეშე მოქმედებას ითხოვენ და კანონის ჩარჩოებში მოქმედებას გმობენ.

"ზოგადად, დემოკრატიის სახელით, ძალიან ბევრი დემოკრატიის საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება, როდესაც საქართველოა დღის წესრიგში. არავის დაუგმია სხვა ქვეყნების შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების სრულიად გაუმართლებელი გაუქმებები. ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ პროცესზე, რომელიც გაწერილია კანონით. პროცესზე, რომელიც სამართლის ჩარჩოებში მიმდინარეობს და წარმოუდგენელია, როდესაც დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ადამიანები კანონის ჩარჩოების გარეშე მოქმედებას ითხოვენ და კანონის ჩარჩოებში მოქმედებას გმობენ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, უმაღლესი დონის საერთაშორისო ინსტიტუციების კონვენციებში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა დაუშვებელია. ევროსაბჭოს განცხადების ავტორები არიან საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები ბერნდ ფორინგერი და სტიუარტ დიკსონი.