ექსტრემიზმის დაფინანსებასა და წახალისებაში ადანაშაულებს ბრიუსელს თბილისი.
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან ოთხი თვის თავზე, ევროკავშირი არათუ არ გმობს ძალადობას, არამედ აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც პოლიციელებზე თავდასხმას ახლა "ღობის საქმედ" წარმოაჩენენ.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს უკვე არა დუმილი, არამედ პოზიციაა, რაც ღიად მიუთითებს იმაზე, რომ ბრიუსელი ევროპული ღირებულებებისგან იცლება.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. დავით მათიკაშვილი იზიარებს პაპუაშვილის პოზიციას და აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზების პოლიტიკა გრძელდება.
"არ დამავიწყდება პიჯაკების საქმე, სააკაშვილის მიერ მილიონების მოპარვა, როგორ ეცადნენ მავანნი, რომ ეს ყველაფერი ზერელედ და იუმორით წარმოეჩინათ საზოგადოებისთვის - ეს არის ცინიზმი და ხალხის დაცინვა, აქ იუმორი უადგილოა.
ახლა იმავეს იმეორებენ პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, სადაც ათეულობით პოლიციელი იყო ჰოსპიტალიზებული ძალადობის გამო. ცდილობენ, ევროკავშირიდან შემოდინებული თანხებით, კვლავ განაგრძონ რადიკალიზმისა და ძალმომრეობის დაფინანსება.
კარგად ვიცით, რომ "ღობის საქმე" არ არის ეს, დაანონსებული შტურმი იყო საქართველოს ხელისუფლებაზე. "ღობის საქმის" მხარდაჭერა და დაფინანსება გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ ევროკავშირიდან გრძელდება მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზების პოლიტიკა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
