"გვინდოდა ევროკავშირი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი დასასრულისკენ მიდის.
"გუშინ, რაც მოვისმინეთ შინაარსითაც და ესთეტიკითაც საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის გამეორება იყო. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი.
ინტონაციითაც და ტონალობითაც, მათ ვისაც ახსოვს, გაახსენდება 1989 წლის მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა, 9 აპრილის შემდეგ, სადაც ქართველებს გვლანძღავდნენ, თავს გვესხმოდნენ, სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკიდან წარმოდგენილი დეპუტატები - ეს ვნახეთ გუშინ.
მათ შორის, გვარებსაც რომ ვუყურებთ ვნახეთ საბჭოთა ბანაკის წარმომადგენლები, საბჭოთა ნომენკლატურის წევრები, ქალბატონი იუკნევიჩიენე, რომელიც ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა. შეგახსენებთ, რომ იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც არს ინფექცია, ხალხის ბრალია. ეს არის ფაშისტური ტერმინოლოგია, რომელსაც ის იყენებს ქართველების მიმართ.
ასევე ქალბატონი იუკნევიჩიენე 4 ოქტომბერს ძალადობრივ დამხობას აგულიანებდა და მხარს უჭერდა, ასევე სხვა მოძმე ბალტიელი ქვეყნების წარმომადგენლები. ეს არის, რაც მივიღეთ, გვინდოდა ევროკავშირი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც უფრო მეტად მიდის საბჭოთა კავშირის ისტორიაში უკან. ჯერჯერობით, ეს არის 89 წლის პერიოდი, როდესაც გორბაჩოვის პერესტროიკაა, ჯერ პერესტროიკის დონეზე არიან, მაგრამ ვატყობ, ტენდენცია სულ უფრო უკან მიდის, სავარაუდოდ, ბრეჟნევისკენ.
ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, ევროპარლამენტი დღეს თავისი ესთეტიკით, შინაარსით ღირებულებებით სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
