გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ. ეს დღე არის საერთო ეროვნული დღესასწაულის დღე და ეს დღე ჩვენია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე იმყოფება და 26 მაისის ღონისძიების სამზადისს ესწრება.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თავისუფლების მოედანზე არის მთავარი ღონისძიება, სადაც 600 ახალი რეკრუტი და წვევამდელი დადებს ფიცს და შემოუერთდება თავდაცვის ძალებს.
"გილოცავთ 26 მაისს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვულოცავ. ეს დღე არის საერთო ეროვნული დღესასწაულის დღე და ეს დღე ჩვენია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო გააერთიანებს და ყველას აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. თავდაცვის სამინისტრო, ამ შემთხვევაში, მასპინძლობს ღონისძიებებს. თავისუფლების მოედანზე არის მთავარი ღონისძიება, სადაც 600 ახალი რეკრუტი და წვევამდელი დადებს ფიცს და შემოუერთდება თავდაცვის ძალებს. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, 12 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩვენი რეკრუტები დადებენ ფიცს. ასევე გეტყვით იმას, რომ 20 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, თავდაცვის სამინისტროს ექნება გამოფენა, სადაც გამოფენილი იქნება ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები, იქნებიან წარმოდგენილები ჩვენი ოფიცრები, სერჟანტები და საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისაც სურვილი ექნება, ისინი მზად იქნებიან, უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას თავდაცვის ძალებთან მიმართებაში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
