თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობს, 600-მდე რეკრუტმა სამხედრო ფიცი უკვე დადო.

ამ წუთებში, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტი.

წლევანდელი ეროვნული დღესასწაულის მთავარი კონცეფცია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება, სლოგანით - "რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს". სწორედ ამიტომ, ფიცის დადების ცერემონია წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური იყო.

დედაქალაქის პარალელურად, რეკრუტებმა ფიცი ერთდროულად დადეს ქვეყნის 12 რეგიონში, უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან. თავისუფლების მოედანზე ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ავიაციის სადემონსტრაციო გადაფრენით დასრულდა. ზეიმი ახლა თბილისისა და კიდევ 20 ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლებს, სადაც სხვადასხვა გასართობი და საგამოფენო სივრცეა მოწყობილი.