თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სიტყვით გამოვიდა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
პატრიარქის თქმით, 26 მაისი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს.
"თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, სამხედრო მოსამსახურენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო სტუმრებო, ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის. 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრიობის აღდგენით, ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოადგინა თავისი ნება, ყოფილიყო დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი, დამოუკიდებლობის მოპოვების და განმტკიცების გზაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ქართველი ერის სულიერი საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი," - აცხადებს პატრიარქი.
