გამოაქვეყნებს თუ არა IRI ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს - ამ კითხვაზე პასუხს "კურიერი" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობისგან ამ დრომდე ელის.
ოპოზიცია კი კვლავ ამტკიცებს, რომ მას IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და არ პასუხობენ შეკითხვას - ვინ დაუკვეთა ის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ერთადერთია, რომელმაც კითხვაზე თავის არიდებით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ IRI-ის კვლევის შესახებ ოპოზიცია ინფორმირებული იყო. ამავე დროს, IRI-ის კვლევა ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ხდება.
გამოკითხვის შედეგების კანონზომიერებაზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" რეიტინგი, ალოკაციით 55%-ს აჭარბებს.
"ალოკაციით ჩვენი რეიტინგი გაცილებით უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს და 55%-ს აჭარბებს. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მარტივი, ერთგვარი კანონზომიერების გამოძახილი. ის ძალა, ის პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომელიც არის ეროვნული პოლიტიკის ერთგული ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის არაერთი გამოწვევის მიუხედავად, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან არის სათანადოდ დაფასებული, ხოლო მეორე მხრივ ის პარტიები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ აგენტურული საქმიანობის კონტექსტში არიან ცნობილნი ჩვენი საზოგადოებისთვის და სხვა მათ არაფერი ხელ არ ეწიფებათ, ფაქტობრივად პოლიტიკურ მოუსავლეთში არიან გასტუმრებულები", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, კვლევების მიხედვით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ცალკეულ ოპოზიციურ ჯგუფებს ერთ-ორ პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ, ჯამში 16%; "ქართული ოცნების" მაჩვენებელი პირდაპირი პასუხებით 36%, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გადანაწილებით კი 55%-ს აღწევს.
