პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს.

"უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევა არის. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკეს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ყველა დეტალი ამ შემთხვევისა გაირკვევა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. ექიმების განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უკვე ჩაუტარდა, ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევა კახეთში, რიჟვაძის ნათესავის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის სახლში მოხდა. ალექსი ახვლედიანი დაკავებულია, მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.