საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდება.

დღევანდელ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო საღმრთო ლიტურგიას სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

ქადაგებას დაესწრნენ და მცხეთაში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის სხვა წევრები.

ქადაგებისას მეუფე შიომ აღნიშნა, რომ 2026 წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, რომელთან დაკავშირებითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს საიუბილეო დღეების აღნიშვნა.

მიტროპოლიტმა ქართველი ერისადმი კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა წაიკითხა.

"2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა -კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს საიუბილეო დღეების აღნიშვნა.

მე მაქვს პატივი, წაგიკითხოთ ამ კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა ქართველი ერისადმი:

2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. სამწუხაროდ, ბოლო საუკუნეებში ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დასცილდა ქრისტიანულ ფესვებს, ეროვნული თვითმყოფადობისგან გაუცხოება იწვევს საზოგადოების დანაწევრება და გათიშულობას.

წმინდა ილია მართლის სიტყვებით, ერის პირქვე დამხობა იქიდან იწყება, როდესაც იგი თავის ისტორიას ივიწყებს, სწორედ ამიტომ, საქართველოსვე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავის აღნიშვნა, ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად, არის ჩვენი ქვეყნის 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაა.

შეგვეწიოს უფალი, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული თარიღის სათანადოდ აღნიშვნა, რაც იქნება მყარი საფუძველი საზოგადოების სულიერი განმტკიცების და ღირსეული აწმყოსი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა", – ნათქვამია სპეციალური კომისიის მიმართვაში.