ჰელსინკის კომისიაზე ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ საქართველოს დანაკლისის შესახებ. შესაძლოა, ვერც კი გაიგეს, რა მოხდა საქართველოში ან გაიგეს და ვერც კი გაიაზრეს, რა მოხდა საქართველოში. ეს არის ჩვეულებრივი ნაყიდი ლობიზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე ემოციურ დამოკიდებულებასთან, საქართველოსთან თუ ქართველ ხალხთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროპაშიც იყო სხვადასხვა ანგარიშის წარდგენა და ა.შ. სადაც კვლავ თავდასხმა განხორციელდა ქართველ ხალხზე, მწუხარების ჟამს.

"ჩვენ ვიხილეთ, ჰელსინკის კომისიის სხდომა იყო, როდესაც საქართველო გლოვობდა და ადამიანებისგან, რომლებსაც, რომ ჰკითხო, ქართველი ერის გულშემატკივრები არიან, ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ ბატონი ვილსონისგან და ჰელსინკის კომისიის სხვა წევრებისგან. მათ რომ ჰკითხო, საქართველოზე ფიქრში უთენდებათ და უღამდებათ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი, რასაც ჩვენ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ. ეს არის ჩვეულებრივი ნაყიდი ლობიზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მათ რაიმე ემოციურ დამოკიდებულებასთან, საქართველოსთან თუ ქართველ ხალხთან. შესაძლოა, ვერც კი გაიგეს, რა მოხდა საქართველოში ან გაიგეს და ვერც კი გაიაზრეს, რა მოხდა საქართველოში. ასევე, ევროპაშიც ვიხილეთ ჩვენ სხვადასხვა ანგარიშის წარდგენა და ა.შ. სადაც კვლავ იყო თავდასხმა ქართველ ხალხზე ამ მწუხარების ჟამს. ეს არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, საითაც დღეს მიაქანებენ ევროპულ ცივილიზაციას, როდესაც პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანური ღირებულებები. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ელჩებს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამების ტაძარში, როგორც გლოვის დღეებში, ისე გასვენების დღეს და გამოხატეს საკუთარი მწუხარება ამ დანაკარგთან დაკავშირებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.