უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორ სახელმწიფოებს აკრიტიკებს. "მშვიდობა, რომელიც ცარიელი სიტყვებით არ მოდის" - დავოსში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა, ევროპას ლამაზი, მაგრამ დანაწევრებული კალეიდოსკოპი უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი, არათუ უკრაინას, საკუთარ თავსაც კი ვერ იცავს.

უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეები რუსეთისთვის სამხედრო კომპონენტების მიყიდვასა და რუსული ნავთობის გატარებაში დაადანაშაულა.

"რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს, შეაჩეროს ტანკერები და ნავთობის ნაკადი, ხოლო ევროპას - არა? რუსული ნავთობი გადის ევროპის სანაპიროებთან. ეს ნავთობი აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და ასუსტებს თვით ევროპას. ეს ნავთობი უნდა შეჩერდეს, უნდა მოხდეს კონფისკაცია და გაიყიდოს ევროპის სასარგებლოდ. პუტინს ფული თუ არ ექნება, ომიც არ იქნება. ევროპას თუ ექნება ფული, შეძლებს საკუთარი ხალხის დაცვას. ევროპას სჭირდება ერთიანი შეიარაღებული ძალები, რომლებიც რეალურად დაიცავენ კონტინენტს. დღეს ევროპა ეყრდნობა მხოლოდ რწმენას, რომ საფრთხის შემთხვევაში NATO იმოქმედებს, მაგრამ, რეალურად, NATO ჯერ არავის უნახავს სრულმასშტაბიან მოქმედებაში," - აღნიშნა ზელენსკიმ.