პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციურ ალიანსი არსებული დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ხელოვნურად იყვნენ "შეკოწიწებულები", უცხოელი პატრონების დავალებით.

შარმანაშვილის განმარტებით, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ეს რეპრესიული აპარატი "ხუხულასავით დაინგრა და მოანთხია ის ბოღმა, რომელიც ხელოვნურად გაერთიანებულ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ".

"ეს ადამიანები, მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ხელოვნურად ჰყავდათ შეკოწიწებულები მათ პატრონებს უცხოეთიდან. უბრალოდ, დიქტატორული თვისებების მქონე ადამიანი - სააკაშვილი იყო სათავეში და ბრუტალური მეთოდებით ცდილობდა, რომ გასაქანი არ მიეცა არავისთვის და ის ხაზი, რა დავალებაც ჰქონდათ, გაეტარებინათ ისე, რომ არავის სიტყვა არ შეებრუნებინა. ეს ხელოვნური, პატრონებისგან შეკოწიწებული ერთობები აქეთაც რომ წამოვიდნენ და შემდგომში, ეს რეპრესიული აპარატი ხუხულასავით დაინგრა და ამოინთხა მთელი ის ბოღმა, რაც ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. ერთმანეთს აბრალებენ, ფული აიღეო, სააკაშვილმა გვარამიაზე დაწერა, მერე იმან დაწერა და პირი არ გამაღებინოო, უთხრა, რატომ არ აღებს ამ პირს, თუ იცის, რომ ეს კაცი ქვეყანას ღუპავს, გააღოს ეს პირი", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.