გერმანიას ჯერ აქვს შესაძლებლობა, რომ გვაჩვენოს, ის არის დემოკრატიის, დემოკრატიული ევროპის ერთგული, თუ უბრუნდება თავის ბნელ წარსულს იმით, რომ არ აღიარებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, სხვა ხალების სუვერენიტეტს, სხვა ხალხების ღირსებას, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ხელისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება.
"ამ იწილობიწილოს თამაშს უნდა შეეშვას ყველა. გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის მთავრობა არ აღიარებს საქართველოს, ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. ეს არის ფაქტი. არ აღიარებს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, არ აღიარებს ქართველი ხალხის უფლებას დემოკრატიაზე, რომ იყოს განმსაზღვრელი თავად ხელისუფლებისა. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ გერმანია, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე იყო ერთ-ერთი გვერდში მდგომი საქართველოს დამოუკიდებლობისა, დღეს გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმყოფად და მეორე მხრივ ქართველი ხალხის ღირსების შემლახავად. ეს ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უყურებს როგორც მეორე კატეგორიის ხალხს, რომელსაც უნარი, უფლება არ აქვს, თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ხელისუფლება. ეს უნდა განსაზღვროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდმა - ვინ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სირცხვილი და ჯერ გერმანიას აქვს შესაძლებლობა, რომ გვაჩვენოს, ის არის დემოკრატიის ერთგული და არის დემოკრატიული ევროპის ერთგული და უბრუნდება თავის ბნელ წარსულს იმით, რომ არ აღირებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, სხვა ხალების სუვერენიტეტს, სხვა ხალხების ღირსებას, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ხელისუფლება.
კარგია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ თვე, რუტინულად ნოტა გაეგზავნოს გერმანიის მთავრობას ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ არავის ხელწამოსაკრავი ხალხი ქართველები არ ვართ, მით უმეტეს, არც გერმანიის მთავრობის ხელწამოსაკრავი ქართველები არ ვართ. თუკი ეს არის გზა, რომელსაც დაადგა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა ამას სჭირდება სათანადო პასუხი, იმიტომ რომ არ შევეგუოთ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
