საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი გამოწვევა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის საქმიანობა აქამდეც წარმატებული იყო.
პრემიერის განმარტებით, ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში შესრულდება.
"რეალურად, გამოწვევები ბევრი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო წარმატებული სამსახურის საქმიანობა, გამოწვევები რჩება საკმაოდ ბევრი. ყველა მიმართულებით არის ყურადღება და სიფრთხილე საჭირო. საფრთხეები არსად წასულა. თქვენ ხედავთ, რა მძიმე ვითარებაა ზოგადად გლობალურად, ჩვენს რეგიონში, ჩვენს გარშემო. ასეთ პირობებში საჭიროა მუდმივი სიფრთხილე, სიფხიზლე. ასევე, ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში", - განაცხადა კობახიძემ.
