პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სამარცხვინოა როდესაც ადამიანები სახელმწიფოს დამხობის მიზნით გამოდიან და შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობით აპელირებენ.

მაჭავარიანის განმარტებით, ეს ყველაფერი მიუთითებს თუ როგორი "გულწრფელები" არიან ისინი დემონსტრაციების დროს.

"ეს არის სამარცხვინო, როდესაც ადამიანები გამოდიან სახელმწიფოს დასამხობად და მათი რაღაც საბაბი არის ის, რომ ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ და შესაბამისად, ბოლო ბრძოლა არის დარჩენილი, რომ საქართველო გადავარჩინოთ, რა თქმა უნდა, ახლა ამას სარკაზმით ვამბობ და ამის შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები აპელირებენ რაღაც სოციალური მდგომარეობით, ჯანმრთელობის მდგომარეობით და პროფესიებით, ეს ყველაფერი არის სამარცხვინო და ეს ყველაფერი მიუთითებს თუ როგორი "გულწრფელები" არიან ისინი დემონსტრაციების დროს.

ჩვენ გამუდმებით ვაფრთხილებდით, როგორც კი დაანონსდა ეს 4 ოქტომბერი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე, რიგითი დეპუტატები, არქივი არსებობს და ასობით განცხადება გვაქვს გაკეთებული, სადაც მოქალაქეებს ვაფრთხილებდით, რომ არ აჰყოლოდნენ ამ რადიკალური დაჯგუფებების უბინძურეს გეგმებს. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ყველა იქნებოდა იდენტიფიცირებული და კანონის სრული სიმკაცრით აგებდნენ პასუხს. არის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომლებმაც დაგვიჯერეს, არის გარკვეული ნაწილი, რომლებმაც არ დაგვიჯერეს და მაინც იძალადეს და მაინც შეეცადნენ სახელმწიფოს დამხობას. მათი დაკავებები გაგრძელდება ვინც იქნება იდენტიფიცირებული კიდევ ძალადობაში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.