რუსოფობიის გაღვივების მცდელობა და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გლობალური ძალები ცდილობენ, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული მუხტი არასდროს შენელდეს, საქართველო კი მუდმივი ეკონომიკური და სამხედრო საფრთხის წინაშე იყოს.
"ქართული ოცნების" შეფასებით, გარე, მტრული ძალების მიზანი, საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაზრდა, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლა და ვითარების ესკალაციაა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, როდესაც საქართველოს 20%-ის ოკუპირების შემდეგ რუსებს ცეკვით და სიმღერით ხვდებოდნენ, უკრაინაში ომის შემდეგ კი გამოკვეთილად ანტირუსულ პოზიციას იჭერენ, ეს ანტიქართული მოქმედებების იმ კონტექსტში ჯდება, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში ეკონომიკის ჩამოშლაა.
"ძალიან ლოგიკურია, რომ 2008 წლის კონფლიქტის, ამ ომის, იმ მოღალატეობრივი ქმედებების ფონზე, რაც სააკაშვილის რეჟიმმა და შემდეგ უკვე ოკუპანტმა განახორციელა, მეტ-ნაკლებად არგუმენტირებული იქნებოდა პოზიცია, თუ კი, ეს კონკრეტული პირები, ხელოვნების მუშაკები იქნებიან თუ სხვა ადამიანები, დაიკავებდნენ გამოკვეთილ, ხაზგასმით ნეგატიურ პოზიციას რუსეთთან მიმართებით. მაშინ საკუთარი სამშობლოს 20%-ის ოკუპაცია მოახდინეს და აქ მშვენივრად მღეროდნენ და ცეკვავდნენ.
დღეს, უკრაინაშია ომი, რა თქმა უნდა მძიმეა ვითარება და თავიდან ბოლომდე სოლიდარულები ვართ უკრაინელების, მაგრამ ამ ვითარებაში, იმას უფრო განიცდიდე და გახდე გამოკვეთილად ანტირუსული და ეს ქსენოფობია, რომელიც არ არის დამახასიათებელი ჩვენი ქართული მენტალობისთვის და როდესაც ამას ტურიზმის მიმართ ჩადიხარ, ცხადია, რომ ამით, ნებსით თუ უნებლიედ ჯდები იმ მთლიან კონტექსტში ანტიქართული მოქმედებებისა, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში ეკონომიკის ჩამოშლაა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
