საფრანგეთის ხელისუფლებამ, ლანდის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, სოფელ ლუგლონადან 525 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
სოფელი იმ ტერიტორიის მახლობლად მდებარეობს, რომელიც ძლიერმა ხანძრებმა ამ ზაფხულს უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა, - წერს Reuters-ი.

ადგილობრივი მაღალჩინოსნის განცხადებით, ხანძარმა, რომელიც ხუთშაბათს გაჩნდა 1 100 ჰექტარი მოიცვა და ლუგლონის ცენტრს 2 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა.

მედიის ინფორმაციით, ლანდის რეგიონი ფიჭვნარით არის დაფარული, რომელიც მშრალ ამინდში ძლიერ აალებადი ხდება.

"სიტუაცია საგანგაშოა და ხანძარი კვლავ მძვინვარებს", - განაცხადა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ ხანძარს 500 მეხანძრე ებრძვის, მათ დასახმარებლად კი ექვსი თვითმფრინავია გაგზავნილი.