ცრუ ნარატივების ფონზე, რომელიც დღესაც გაჟღერდა, მათ შორის, ევროკომისრების მხრიდან, ასევე დოკუმენტში და იმ მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ვისმენთ ევროპელი ბიუროკრატებისგან, რთულია, გამორიცხო რაიმე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვხედავთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ევროკომისიის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერება დადგება დღის წესრიგში.

"ერთადერთი, ვისაც ისინი აზიანებენ, აზიანებენ საკუთარ თავს, ამხელენ საკუთარ თავს, რომ ევროპული ინტეგრაცია, ხალხებს შორის ურთიერთობა მათ ხელში ხალხების ნებაზე ზემოქმედებისა და ზეწოლის იარაღია. რა თქმა უნდა, ამას ქართველი ხალხი არ უშვებს. სწორედ ეს არის გამძაფრებული, მოხშირებული მტრული რიტორიკის მიზეზი, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენთ," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.