"ამდენი ხნის განმავლობაში რომ ამბობდნენ, ვერ გავიგეთო [რას გვედავებიანო], ძალიან კარგად გაიგეს სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციურ ქმედებები მიემართება, ეს დეტალურად იქნება განხილული", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, შესაძლოა მათ ოპონენტებს სხვადასხვა სახელი და ნომერი აქვს, თუმცა ყველა მათგანი ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, რაც არაკონსტიტუციურ ქმედებებში გამოიხატება.

"კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ისინი სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონე პარტიები არიან, მაგრამ რეალურად ერთი განაყარია, ერთი და იმავე განზრახვით მოქმედებენ.

ყველა ის ქმედება, რომელსაც ვხედავ 2021 წლიდან, გახარიას პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ - არადემოკრატიული, არასახელმწიფოებრივი ქმედებები, პროცესზე იქნება ხაზგასმული, ნაწილ შემთხვევაში დამოუკიდებლად, ნაწილ შემთხვევაში კი, ერთად.

ამავდროულად, მათაც შეერაცხებათ ის ქმედებები, რომელსაც არ გაემიჯნენ და კოალიციაში შესვლით დაეთანხმნენ.

ერთი არის მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, რეალობა არის მეორე - მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.