გილოცავთ, ვულოცავ თქვენს მაყურებელს და შესაბამისად, მთელი საქართველოს მოსახლეობას იმიტომ, რომ მართლაც განსაკუთრებული დღეა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ განაცხადა, რომელიც უკვე თავისუფლების მოედანზე იმყოფება.

თინათინ რუხაძის თქმით, წელს 26 მაისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველოს გაქრისტიანების 1 700 წლის იუბილეს ემთხვევა.

"გილოცავთ, ვულოცავ თქვენს მაყურებელს და შესაბამისად, მთელი საქართველოს მოსახლეობას იმიტომ, რომ მართლაც განსაკუთრებული დღეა. წელს, ეს დღე კიდევ უფრო ხაზგასმით არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც 1 700 წლის იუბილეს ემთხვევა და ამ ყველაფრის ერთად დაანონსება და გახსნა გადაწყდა. ვფიქრობ, რომ გაასმაგებულად არის ყველა ჩვენგანში ის თემა, რომ რწმენა გვაძლიერებს. ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ რწმენა მართლა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს. რას ნიშნავს რწმენა და ქრისტიანული ქვეყანა? მეტ ჰუმანურობას, სიმშვიდისკენ და შრომისკენ სწრაფვა, რწმენა ყველაფერს კარგს ნიშნავს, ასე მგონია. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ორი თარიღის ერთად აღნიშვნას, რადგან უძველესი კულტურის და ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ. მთელს მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ ეს ჩვენი უძველესი კულტურა", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.