ამერიკელებთან რაზე უნდა დალაგდე დღეს? ყველა დელეგაციასთან გვქონდა ჩვენ შეხვედრა, შემდეგ კვირასაც ყველანი ვხვდებით ისევ, ვინც ჩამოდის. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს შეხვედრებიც იგივე [შედეგით] დასრულდება, რითაც წინა შეხვედრები დასრულდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე გასაგებია, რომ ისინი არ არიან ფოკუსირებულები, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „კვირის ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, ტრამპთან მიმართებაში ზოგიერთს ჰგონია, რომ საქართველოში მას რაიმეს გაკეთება უნდა და ვინმე ხელს უშლის, ის კითხვით მიმართავს წამყვანებს თუ „რა არის დასალაგებელი, ან კიდევ რას ვერ აკეთებენ“ ისინი.

"მაგრამ, მეორე მხრივ, რაზე უნდა გაიგიჟონ თავი და რაზე უნდა დალაგდნენ, ანუ რა არის "ოცნებასთან“ დალაგება?! რა არის ეს დალაგება? ააშენებენ „ტრამპ თაუერს“. რა არის აქ ისეთი რაც შეიძლება ტრამპს უნდოდეს, რომ აქ გააკეთოს და ესენი [ხელისუფლება] ხელს შეუშლიან და ეტყვიან „არ გაგაკეთებინებ“. ტრამპთან მიმართებაში ვიღაცას ჰგონია რომ ტრამპს უნდა აქ რამე გააკეთოს და ესენი გადაეფარებიან და „არა არ გაგაკეთებინებთო“ ვინ ეტყვის? რა არის დასალაგებელი? რას ვერ აკეთებენ?

ჟურნალისტის შეკითხვაზე არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი აშშ-სთვის პრობლემა, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არის, მაგრამ დღევანდელი ადმინისტრაცია საგარეო საკითხებში ჩვენს რეგიონში აქტიური არ არის.

"ამ გაგებით არის, მაგრამ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია საგარეო საკითხებში ასეთი აქტიური ამ რეგიონში მითუმეტეს არ არის,“- განაცხადა ჯაფარიძემ.