დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ირანთან ახალი სამშვიდობო შეთანხმება წინა ხელშეკრულებებისგან განსხვავებული იქნება, რადგან, მისივე განცხადებით, წინამორბედებისგან განსხვავებით, ის ცუდ გარიგებებს არ დებს. ამასთან ისლამურ რესპუბლიკასთან საბოლოო გარიგების დადებამდე ტრამპი არ გეგმავს ირანული პორტებზე საზღვაო ბლოკადა მოხსნას.
ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ თეირანი მოლაპარაკებების პირობების შესრულებას არ დაიწყებს, ვიდრე მისი გაყინული აქტივების გათავისუფლება არ მოხდება. ამასთან, ირანული მხარე შეერთებული შტატებისთვის არც მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის გადაცემას აპირებს.
ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად ისრაელს ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, სხვადასხვა გზით აწყობს შეთქმულებას ომის, არასტაბილურობისა და განხეთქილების შესანარჩუნებლად.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდა, რომ ირანთან ნებისმიერი საბოლოო ხელშეკრულება ბირთვულ საფრთხეს სრულად უნდა გამორიცხავდეს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ურყევ მხარდაჭერას აგრძელებს.
